„თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას მიიტაცებს, უვიზო მიმოსვლის გაუქმება ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაემუქრება“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მმართველი პარტია არჩევნებს გააყალბებს და საერთაშორისო საზოგადოება შედეგებს არ აღიარებს, უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან ერთად, ქვეყანას დასავლეთისგან სანქციები დაუწესდება.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება 27 ქვეყანა და საკმარისია 15-ის თანხმობა და ეს ძალიან მარტივია, მაგრამ უვიზო მიმოსვლის გაუქმება ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რომელიც მერე ჩვენს ქვეყანას დაემუქრება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხდება ახალი ბელარუსი და ზუსტად ეს არის იმ სტატიების სათაური, რაც საერთაშორისო პრესაში იბეჭდება, ერთის მხრივ, ჩვენ გვემუქრება გარე სანქციები, მეორე მხრივ, შიგნით დაიწყება რეპრესიები. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლება მიტაცებულია, ეს გარდაუვალია“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
როგორც მან განმარტა, სანქციების პირობებში, საქართველოს ბელარუსის მსგავსად მოუწევს არსებობის გაგრძელება.
„სანქციების შემთხვევაში ჩვენ გვემუქრება ლარის მყისიერი გაუფასურება. იქნება პერსონალური და იქნება სახელმწიფო სანქციები, როგორც ეს ხდება ბელარუსში. მაგალითად, ქართულ ბანკებს შესაძლოა აეკრძალოთ ტრანზაქციები არა პირველადი დანიშნულების საქონელზე ანუ მხოლოდ კვების ობიექტებზე შეიძლება იყოს ვაჭრობა.
ასევე, საქართველოს იურისდიქცია არ იქნება გამოყენებული, როგორც რეექსპორტი, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი უბრალოდ აიკრძალება.ამავდროულად, საქართველო აქტიურად განიხილება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილად და ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ჯიხურებში რუსული რუბლი თავისუფლად შეგიძლია გადაახურდაო.
ამიტომ, წერტილი დაესმება იმას, რომ საქართველო არის რუსეთის სატელიტი, როგორც ბელარუსი და ჩვენც მოვექცევით იმავე სანქციებში და გადარიცხვები მხოლოდ პირველადი დანიშნულების პროდუქტზე იქნება შესაძლებელი.თუმცა, იქამდე გვემუქრება ლარის გაუფასურება, გაიზრდება ინფლაცია, გვემუქრება საბანკო კრიზისი, ჩამოიშლება უძრავი ქონების ბაზარი და დაიხურება ათასობით კომპანია, რომელიც პირდაპირ მიბმულია დასავლურ ფულზე“,- აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.