„ევროკავშირის პასპორტი ნიშნავს ევროკავშირის შრომის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასებს, პენსიებს“ - გიორგი ქადაგიძე

„ევროკავშირის პასპორტი ნიშნავს ევროკავშირის შრომის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასებს და პენსიებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობას მიაღწევს, აფხაზებსაც და ოსებსაც ენდომებათ ევროკავშირის მოქალაქეები გახდნენ.

„ჩემი და თითოეული ჩვენგანის ოცნება იქნება, რომ ჩვენი პასპორტი იქნება ევროკავშირის პასპორტი. იმიტომ, რომ ევროკავშირის პასპორტი ნიშნავს ევროკავშირის შრომის უფლებებს, ევროკავშირის სოციალურ უზრუნველყოფას, ევროკავშირის ხელფასებს, ევროკავშირის პენსიებს.

საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღებიც. იმიტომ, რომ თუ ჩვენთან არის ევროკავშირი და მეორე მხარეს არის რუსეთი, ცხადია, ოსებსაც და აფხაზებსაც ენდომებათ, რომ იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეები“,- აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ნათია ზარიძე