საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა - იწყება ბიულეტენების დათვლა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე არჩევნების შედეგების დათვლა იწყება.

საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეეძლო.

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველმა არჩევანი შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის გააკეთა:

(#41) “ქართული ოცნება“

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

(#25) “გახარია საქართველოსთვის“

(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

(#36) “გირჩი“

(#23) “ჩვენ“

(#6) “ევროპელი დემოკრატები“

(#17) “საქართველო“

(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

(#26) “მემარცხენე ალიანსი“

(#20) “თავისუფალი საქართველო“

(#21) “ტრიბუნა“

(#16) “შეცვალე საქართველო“

(#27) “ქართველ ერთობა“

(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურა. აქედან საქართველოში 3 044 უბანი გაიხსნა, მათ შორის იყო 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაიხსნა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველი იყო შეყვანილი.