„მგზავრები ავტობუსებს შორის არ უნდა დადიოდნენ“ - როგორ უნდა მოეწყოს ავტოსადგურების ბაქნები

ავტოსადგურების რეფორმის ფარგლებში, პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებს ბაქანი უნდა გააჩნდეს. სამივე კატეგორიის სადგურში აღნიშნული ბაქნები გადახურული უნდა იყოს.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის განცხადებით, ბაქანი ისე უნდა მოეწყოს, რომ მგზავრებს ავტობუსებს შორის სიარული არ უწევდეთ.

როგორც მესხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გარდა ბაქნისა, უნდა მოეწყოს მძღოლებისთვის მოსასვენებელი სივრცე და სამედიცინო პუნქტი, სადაც მძღოლს რეისში გასვლამდე შეამოწმებენ.

„კატეგორიების მიხედვით დაიყოფა ავტოსადგურები. პირველი კატეგორიის ავტოსადგურს აქვს ყველაზე მეტი მოთხოვნა იმიტომ, რომ ის იქნება არამარტო საქალაქთაშორისო მიმოსვლისთვის, არამედ საერთაშორისო მიმოსვლისთვისაც. დიდ მანძილზე ხდება მგზავრების გადაყვანა და აქედან გამომდინარე უნდა მოეწყოს მძღოლთა მოსასვენებელი სივრცე. მძღოლის მოსასვენებელი სივრცე რეალურად ახლაც მოითხოვება, მაგრამ ამას რეალურად ბევრი არ აკეთებს, ან თუ არის მოწყობილი, მოუწესრიგებელია და მოსასვენებელი სივრცე ნაკლებად თუ შეიძლება უწოდო.

ასევე, უნდა მოეწყოს მგზავრებისთვის შესაბამისი სივრცე და ბაქანი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მგზავრები ფეხით არ დადიოდნენ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შორის. უნდა იყოს სამედიცინო პუნქტიც, იმიტომ რომ მძღოლის შემოწმება ხდებოდეს რეისში გასვლის წინ, ყველა თანამედროვე მოთხოვნა რაც ავტოსადგურების წინაშე დგას უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

ცნობისთვის, „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ბაქნების საშუალებით ავტოტრანსპორტში მგზავრთა უსაფრთხო ჩასხდომა უნდა განხორციელდეს. რეგლამენტის მიხედვით, ბაქანი და მასზე განლაგებული მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის პოსტები გადანომრილი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩასასხდომი (გადმოსასხდომი) მოედნებისა და გზის სავალი ნაწილი უნდა იყოს მონიშნული. მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის/მინივენის ბაქანზე ჩამოდგომა მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად, გასვლამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე უნდა განხორციელდეს.

ამასთანავე, ავტოსადგურის ადმინისტრაციას უჩნდება ვალდებულება, რომ ავტობუსების/მინივენების განრიგის შესაბამისი გასვლა უზრუნველყოს. ამასთანავე, არ უნდა დაუშვას ბაქანთან დაუსუფთავებელი და ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსი/მინივენი.

მერი ტაბატაძე