„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა.

მათივე განმარტებით, მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა უპრეცედენტო ზეწოლა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებზე, რის გამოც უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია იძულებული გახდა რიგი საარჩევნო უბნებიდან გამოეწვია მოკლევადიანი დამკვირვებლები და შესაბამისად შეეწყვიტა არჩევნების დღეზე დაკვირვება ამ უბნებზე.

„არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ახალი გამოწვევების ფონზე, რაც დიდწილად განპირობებული გახლდათ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებითა და მისგან მომდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონის დამძიმებით.

21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებდა არჩევნების დღეზე დაკვირვებას, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც დაფიქსირდა სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები.

მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა უპრეცედენტო ზეწოლა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებზე, რის გამოც უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია იძულებული გახდა რიგი საარჩევნო უბნებიდან გამოეწვია მოკლევადიანი დამკვირვებლები და შესაბამისად შეეწყვიტა არჩევნების დღეზე დაკვირვება ამ უბნებზე.

მსგავსი ხასიათის ტენდენცია დაფიქსირდა სხვა საარჩევნო ოლქშიც, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა სამ საარჩევნო უბანზე შეეწყვიტა სადამკვირვებლო პროცესი.

ნაკლები დარღვევები გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაც განპირობებულია არა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, არამედ პოლიტიკური კონკურენციის დაბალი დონით, რომელიც აღნიშნული იყო „მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა 80 ინციდენტი, მათ შორის:

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (17 ინციდენტი)

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა (11 ინციდენტი)

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა (9 ინციდენტი)

უბნის არასათანადოდ მოწყობა (3 ინციდენტი)

ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის არ შემოწმება (1)

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება (3 ინციდენტი)

აგიტაცია (4 ინციდენტი)

საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა (1)

არაუფლებამოსილი პირები უბანზე (6 ინციდენტი)

ბიულეტენების ჩაყრა (2 ინციდენტი)

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა / მცდელობა (5 ინციდენტი)

ამომრჩევლის გადაადგილების უფლების შეზღუდვა 100 მეტრის რადიუსში (4 ინციდენტი)

ფიზიკური ძალადობა (2)

ქვითარზე ხელმოწერის გარეშე ბიულეტენის გაცემა (1)

სხვა სახის ინციდენტები (11 ინციდენტი)

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინეს 13 საჩივარი. აქედან, 4 საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 2 პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნა წარდგენილი. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილი საჩივარი ეხება მარნეულის ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან ერთი ეხება ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევას, ხოლო დანარჩენი მარნეულის საარჩევნო ოლქს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.