როგორ ნაწილდება პარტიებს შორის ახალი მოწვევის პარლამენტში მანდატები ამ დროის მონაცემებით

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.

ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი.

რაც შეეხება მანდატების გადანაწილების წესს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე უნდა გამრავლდეს და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოს, რომლებმაც არჩევნებში ხმების 5% მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები იღებენ.