NDI - დაფიქსირდა სერიოზული დარღვევების ზრდა, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები

საარჩევნო უბნები ძირითადად მშვიდი და ორგანიზებული იყო. თუმცა, მოქალაქე დამკვირვებლებმა აღნიშნეს წინა არჩევნებთან შედარებით სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები, - ამის შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული.

„ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს. მთავრობის მიერ კანონმდებლობის მიღებამ, რომელიც სამოქალაქო აქტორებს უცხო აგენტებად ასახელებს და მისმა კამპანიამ, დაეშინებინა ისინი, ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკას აკრიტიკებდა, შიშის კლიმატი წარმოქმნა“, - აცხადებენ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტში“.

მათი მტკიცებით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა მცდელობებმა არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციისა და კანონიერი შეზღუდვისკენ აიძულა ისინი გადაენაწილებინათ რესურსები არჩევნების დასაცავად მიმართული ძირითადი საქმიანობიდან თავდაცვისკენ.

„მმართველი პარტიის ლიდერები ასევე დაიმუქრნენ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კრიმინალიზაციას მოახდენენ. ამასთან, მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობა ზღუდავს და სტიგმატიზაციას უწევს მოწყვლად ლგბტქი+ თემებს. ერთობლივად, მთავრობის ქმედებებმა განაპირობა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების გზა. ფრაგმენტული, პოლიტიზებული მედია გარემო ზღუდავდა ამომრჩევლების მიერ მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას. მმართველ პარტიას არაპროპორციული გავლენა ჰქონდა ამ გარემოზე იმის გათვალისწინებით, რომ აკონტროლებდა სახელმწიფო მედიასა და კერძო არხებს. დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებმა და დაშინებამ კიდევ უფრო შეზღუდა საზოგადოების წვდომა კამპანიის ძირითადი საკითხების გაშუქებასა და დაბალანსებულ დისკურსზე. წინასაარჩევნო პერიოდი ასევე კომპრომეტირებული იყო ფართომასშტაბიანი მუქარით, შევიწროებით და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობით, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე და პოლიტიკურ აქტორებზე და მათ ოჯახებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მტკიცებით, არაპარტიულმა მოქალაქე დამკვირვებლებმა, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა და მედიამ აღნიშნეს ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა, რომელიც ეხებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს და იყო აშკარა მცდელობა იმისა, რომ მათ მონაწილეობა არ მიეღოთ არჩევნებში, ან იძულებული გაეხადათ, ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ.

„არჩევნების დღეს მოქალაქე დამკვირვებლები შეესწრნენ საარჩევნო უბნების გარშემო ნეიტრალური ზონის ფართოდ დარღვევებს მმართველი პარტიის ფიგურებისა და არაუფლებამოსილი პირების შეკრებით. ჩვენი მოკლევადიანი დამკვირვებლები და მოქალაქე დამკვირვებლები ასევე აფიქსირებდნენ ამომრჩეველთა დაშინების ფაქტებს. მოქალაქე დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ გაიზარდა კრიტიკული ინციდენტები, მათ შორის ძალადობა დამკვირვებლების, ამომრჩევლისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

NDI მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ აქტორს პატივი სცენ ხალხის ნებას, რომელიც გამოხატულია კენჭისყრით, გამოიჩინონ მოთმინება და თავშეკავება შედეგების დასრულებამდე.

„NDI ასევე მოუწოდებს შესაბამის ინსტიტუტებს, გამოიძიონ ბრალდებები საარჩევნო დარღვევების შესახებ, დასაჯონ დანაშაულებრივი ქმედებები და მოაგვარონ დავები კანონის შესაბამისად. ქართველმა პოლიტიკურმა აქტორებმა უკან უნდა მოიტოვონ თავიანთი მენტალიტეტი „ყველაფერი გამარჯვებულს ერგება“ და პლურალიზმის მიმართ ერთგულება გამოიჩინონ ამ გზაზე წინსვლისთვის. მმართველმა პარტიამ, კერძოდ, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და დაიცვას ყველა ქართველის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისუფლად და თანაბრად“, - აღნიშნულია განცხადებაში.