ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა - წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.

შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771% (161 215 ხმა).

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.