აშშ-დან და EU-დან მზარდი ფულადი გზავნილები აჩვენებს, რა დიდი მასშტაბი მიიღო ემიგრაციამ - გიორგი ხიშტოვანი

„ფულადი გზავნილების მკვეთრი კლება გვაქვს რუსეთის ფედერაციიდან - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

როგორც რესპონდენტი განმარტავს, აღნიშნული უკავშირდება როგორც რუსეთის მოქალაქეების ნაწილის საქართველოდან წასვლას, ასევე მათთვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების შემცირებას.

„როდესაც ფულად გზავნილებზე ვსაუბრობთ, ორი საკითხი უნდა გამოვარჩიოთ, პირველი ის, რომ მკვეთრი კლება გვაქვს რუსეთის ფედერაციიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ, ერთი მხრივ, შეიძლება რუსები ნელ-ნელა ტოვებენ საქართველოს, მეორე არის ის, რომ ის შემოსავალი, რომელსაც უმეტესწილად საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები იღებდნენ რუსეთიდან, შემცირდა და შესაბამისად, გადმორიცხვებმაც იკლო“, - ამბობს ხიშტოვანი.

მანვე ისაუბრა ამერიკიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე და აღნიშნა, რომ ეს ემიგრაციის ირიბი ეფექტია.

„მეორე საინტერესო ტრენდი არის სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იტალიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთის გამოკლებით რომ შევხედოთ წლის ჭრილში გადმორიცხვებს, მაჩვენებლები გაზრდილია, რაც თავისთავად საინტერესოა რადგან აჩვენებს იმას, თუ რა დიდი მასშტაბი მიიღო ემიგრაციამ და ემიგრაციის ირიბი ეფექტია გადმორიცხვები“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში სულ გადმოირიცხა 283.385 მლნ დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 286.414 მლნ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 40%-ით შემცირდა და 35.823 მლნ დოლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, 17.7%-ით გაიზარდა ამერიკიდან გზავნილები და 49.034 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში ყველაზე მეტი გზავნილი იტალიიდან განხორციელდა და 49.598 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 13.4%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

იხილეთ ასევე:

ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები 111.5%-ით გაიზარდა, რუსეთიდან - 40%-ით შემცირდა - ტოპ-10 ქვეყანა

მერი ტაბატაძე