ლევან დავითაშვილი - გარწმუნებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება

გარწმუნებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ეს არის ჩვენი მკაფიო, მყარი ხედვა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას და ასევე, საქართველოს მთავრობის განწყობა და მზადყოფნა, რომ ამ რეფორმებში ვიყოთ აქტიური, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან რეფორმები შესრულდება, რაც შეეხება ე.წ. რუსული კანონის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, დავითაშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე დღეს არ ისაუბრებს, რადგან დღევანდელი განხილვის თემა ეს არ არის.

„2012 წლიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო აბსოლუტურად გაჩერებული. ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს პროგრესს და ეს პროგრესი გამოიხატებოდა ბევრ წარმატებაში, რომელიც საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღებით განისაზღვრა, თუმცა ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგ პერიოდშიც, შემდეგი წლების განმავლობაშიც და ამ პროგრესის მიღწევა და გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამის, ჩვენი დაპირებების და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად, სხვანაირად არანაირად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება. საზოგადოება უახლოეს ხანებში დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც. ეს პრინციპული რეფორმებია, რომელზეც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ამას განვახორციელებთ. ასე რომ ამ ნაწილში, მე მგონი, კითხვა არ იქნება.

რაც შეეხება იმას, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება, ეს ურთიერთობები ცალსახად გაუმჯობესდება იმიტომ, რომ ვიმეორებ, საარჩევნო პროცესი ყველა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არის არაორდინალური, ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. დღეს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხალხის მანდატი, რომ განახორციელოს რეფორმები, ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყნები ამასაც აღიქვამენ ადეკვატურად და მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება თანამშრომლობასა და ურთიერთობაში ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, აქ საუბარია, როგორც აშშ-ზე, ისე ევროპასთან და ისე, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებთანაც ურთიერთობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს.

ევროინტეგრაციის პროცესი არ არის შეჩერებული, ევროინტეგრაციის პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. ევროინტეგრაციის პროცესი შედგება მთელი რიგი ვალდებულებებისგან, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, სხვა შემთხვევაში, არც წევრობაზეა საუბარი და არც წევრობისკენ იქნება ნაბიჯები გადადგმული. ამიტომ ეს ბევრი რეფორმა ჩვენი მხრიდან შესრულდება“.-განაცხადა დავითაშვილმა.