სებ-მა წელს 539.7 მლნ დოლარი გაყიდა - როგორია აუქციონებისა და Bmatch-ზე განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა

2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 106.5 მლნ დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ცნობილი სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება. წლიურად კი აღნიშნული საშუალებით ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 157.6 მლნ დოლარი მიაწოდა. იმის გამო, რომ Bmatch პლატფორმით განხორციელებულ ოპერაციებს სებ-ი ერთთვიანი დაგვიანებით აქვეყნებს, უცნობია, რა მოცულობის ოპერაცია განახორციელა ცენტრალურმა ბანკმა 1-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

მაგრამ ცნობილია სავალუტო ინტერვენციების შედეგები, რაც საკმაოდ მაღალია. კერძოდ, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების გზით ბაზარს 382.1 მლნ დოლარი მიაწოდა, აქედან მხოლოდ ოქტომბერში 213.4 მლნ დოლარი, რაც გასული წლის სრულ მაჩვენებელს რამდენიმე ათეული მილიონით აღემატება - 2023 წელს სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 166.750 მლნ დოლარი გაყიდა.

უკვე არსებული მონაცემებით (BMatch-ის ოქტომბრის მაჩვენებელი ჯერჯერობით უცნობია), საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მთლიანად 539.7 მლნ დოლარი უკვე გაყიდა. ამასთან, სებ-მა BMatch-ის პლატფორმაზე წელს 329.5 მლნ დოლარი იყიდა

ცნობისათვის, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს BMatch-ის პლატფორმით და სავალუტო აუქციონებით ახორციელებს. BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია.