გერმანიაში Volkswagen-ის ავტომწარმოებლის სულ მცირე სამი ქარხანა დაიხურება. ეს გავლენას მოახდენს ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებაზე.
ყველაზე მეტად ოსნაბრიუკის ქარხანა დაზარალდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ Porsche მოდელის წარმოების დიდი შეკვეთა დაკარგა. ბრენდი ზოგიერთი განყოფილებისა და წარმოების ობიექტების მთლიანად საზღვარგარეთ გადატანას გეგმავს.
ამჟამად გერმანიაში, VW-ის ქარხნებში 120 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან დაახლოებით ნახევარი ვოლფსბურგში.
სულ ქვეყანაში 10 Volkswagen-ის ქარხანაა: ექვსი ქვემო საქსონიაში, სამი საქსონიაში და ერთი ჰესენში.
ეს პირველი, “ისტორიული“ შემთხვევაა, როდესაც Volkswagen-ი თავის 87-წლიან ისტორიაში სამშობლოში ქარხნებს დახურავს. კომპანიაში ჯამში 295 000 ადამიანია დასაქმებული, რის გამოც შესაძლოა, პროფკავშირებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყონ.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში კონცერნმა თანამშრომლებისთვის სამუშაო გარანტია გააუქმა, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წლიდან სამსახურიდან ნებისმიერი დონის მუშაკების გათავისუფლება იქნება შესაძლებელი.
პროფკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა VW-ის წარმომადგენლებთან უკვე დაგეგმილია.
ქარხნების დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას Volkswagen-ი იმით ხსნის, რომ ჩინეთში წარმოებული ავტომობილები მათ მზარდ კონკურენციას უწევს. ასევე, Volkswagen- ი წელიწადში, ევროპაში 500 000-ით ნაკლებ მანქანას ყიდის, ვიდრე პანდემიამდე ყიდდა.