„ევროკავშირისა და აშშ-სგან არჩევნების შედეგებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს - ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს“ - ცომაია

თუ ამერიკამ და ევროკავშირმა არჩევნების ლეგიტიმაცია არ მოახდინა, ამას შესაბამისი რეაგირებაც აუცილებლად მოჰყვება. პერსონალური სანქციები შეეხება ადამიანების საკმაოდ დიდ წრეს - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია და რადგან საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მქონე ქვეყანა, ევროკავშირისა და ამერიკისგან ამ არჩევნების შედეგებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. შედეგები შესაძლოა, საკმაოდ მძიმე იყოს და ის შეიძლება შეეხოს როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე საარჩევნო კომისიის წევრებს, თავმჯდომარეს და საკმაოდ ბევრ ადამიანს. ეს ფაქტორი კი საკმაოდ დიდ რყევებს გამოიწვევს“ - აღნიშნა ეკონომისტმა.

მისი თქმით, ეს რყევები პირველ რიგში ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება.

„პირველ რიგში, ეს აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. ეროვნული ბანკის რეზერვები უსასრულო არ არის, ის ამოწურვადია და თან, ბანკს პარტნიორი აღარ დარჩა. სავალუტო ფონდის მისიაც კი შეჩერებულია, რათა რეზერვები შეივსოს. თუკი, მან რა თქმა უნდა, ჩინეთიდან კაბალური პირობებით არ აიღო რეზერვები, რაც აქამდე არ მომხდარა. ამიტომ, ეს აუცილებლად დაეტყობა ლარს და ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს და ეს შეუქცევადი პროცესი იქნება.

ამასთან, საქართველო, რომელიც ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრილი ქვეყანაა, საკმაოდ ნეგატიური ინფორმაციაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. განსაკუთრებით საუბარი საბანკო სისტემაში ინვესტირებულ კაპიტალზეა საუბარი“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკა დარჩიაშვილი