Sotheby's-ის აუქციონზე „კომიკოსის“ ბანანს 1.5 მლნ დოლარად გამოიტანენ

როდესაც 2019 წელს კედელზე, წებოვანი ლენტით მიმაგრებული ბანანი 120 000 დოლარად გაიყიდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ გაყიდვას დიდი დებატები მოჰყვა, ნაწილმა არსიც ვერ გაიგო.

თუმცა, წლების შემდეგ მხატვარი მაურიციო კატელანი თავისი კონცეპტუალური შემოქმედებით, სახელწოდებით „კომიკოსი“, ისტორიას იმეორებს. ამჯერად ეს შეიძლება ბევრად სარფიანი აღმოჩნდეს. აუქციონის სახლმა Sotheby's-მა გამოაცხადა, რომ ნამუშევრის სამი „გამოცემიდან“ ერთ-ერთი გაიყიდება. ფასი კი 1 მლნ დოლარიდან, 1.5 მლნ დოლარამდე მერყეობს.

აუქციონში გამარჯვებული მიიღებს წებოვან ლენტს და ერთ ბანანს, ასევე ავთენტურობის სერტიფიკატს და ბანანის დამონტაჟების ოფიციალურ ინსტრუქციას.

"კომიკოსი" არის კონცეპტუალური ნამუშევარი,“- თქვა აუქციონის სპიკერმა გამოცემასთან.

ხუთი წლის წინ, ყურადღების ცენტრში მოექცა ფრანგული არტ გალერეა Perrotin და მაურიციო კატელანი, როდესაც გამოფენაზე - Art Basel Miami Beach, გასაყიდად სამი “ნამუშევარი“ გამოიტანეს.

მაშინ, სამივე წარდგენილი “ხელოვნების ნიმუში“ გაიყიდა. ორი იყიდეს კერძო კოლექციონერებმა 120 000 დოლარად, ხოლო მესამე, რომელიც შედარებით მაღალ ფასში გაიყიდა (საფასური უცნობია), მოგვიანებით ნიუ-იორკში, გუგენჰაიმის მუზეუმს გადაეცა.

მაშინდელი გამოფენის ყველაზე გამაოგნებელი და მოულოდნელი ნაწილი ქართველი მხატვრის, დავით დათუნას გადაწყვეტილება იყო -მან ასობით გაოგნებული დამსწრის თვალწინ, კედლიდან კატელანის არტისტული ნამუშევარი, ბანანი მოხსნა და შეჭამა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს იყო წარმოდგენის ნაწილი.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა 2022 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Sotheby's აუქციონი 20 ნოემბერს გაიმართება.

თეონა რამაზაშვილი