მერია ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოების სამუშაოებს იწყებს

მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

„გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით ვიწყებთ გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს. მოგეხსენებათ რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემური კვანძი დედაქალაქში. პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, გზიდან ავიღეთ რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური და ახლა დაიწყება გზის გაფართოების სამუშაოები. მოწესრიგდება ტროტუარები, ასევე ზებრა გადასასვლელები. სამუშაოებზე კი დაახლეობით 4 მლნ დაიხარჯება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაგუნასთან სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. როგორც მაშინ მერი აცხადებდა საჭირო იყო ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების ქონება დაახლოებით 7.2 მილიონ ლარად შეფასდა. სადგურის მფლობელებს ადგილმონაცვლეობა ე.წ გლდანის ხიდებისა და ლისის ტბის მიმდებარედ შესთავაზეს. აღნიშნული სადგურების დემონტაჟი 2024 წლის ზაფხულში დასრულდა. იმავე პერიოდში ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯიარჯი“ გამოცხადდა.

თაია არდოტელი