ევროკავშირი ჩინური მანქანების იმპორტზე კომპენსატორულ გადასახადს აწესებს - ჩინეთი კი ევროპას მსო-ში უჩივის

ევროკავშირმა ჩინური მანქანების იმპორტზე კომპენსატორული გადასახადი დააწესა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გადასახადის მოცულობა 35.3%-ით განისაზღვრა და ის ძალაში 5 წლის განმავლობაში იქნება.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების ღირებულება, რომელიც უსამართლო სუბსიდიებით არის შექმნილი, ეკონომიკურ ზიანს აყენებს ევროკავშირის ელექტრომობილების მწარმოებლებს.

„ტარიფები ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შევა ძალაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპანიებისთვის გადასახადის მოცულობა განსხვავებულია. კერძოდ, ჩინური ავტომწარმოებლის BYD-ის წარმოებული მანქანების იმპორტი 17%-ით დაიბეგრება, Geely-ს - 18,8%-ით, SAIC-ის - 35,3%-ით. ამასთან, ინდივიდუალური შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, Tesla-ზე იმოქმედებს გადასახადი 7.8%-ის მოცულობით. ყველა დანარჩენი კომპანიის წარმოებულ მანქანებზე 35.3%-იანი საიმპორტო გადასახადი იმოქმედებს, ეს კი იმ მწარმოებლებს შეეხებათ, რომლებიც ევროკავშირთან ჩინური ელექტრომობილების საქმის გამოძიების საკითხში არ თანამშრომლობენ.

„პარალელურად, ევროკავშირი და ჩინეთი აგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციასთან ერთობლივი გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რომლებიც ეფექტური იქნება გამოძიების მიერ გამოვლენილი საკითხების გადასაჭრელად“, - განმარტეს ბრიუსელში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მომავალში ევროკომისია გააკონტროლებს არსებულ ზომებს, მათ შორის იმისთვის, რომ ისინი არ დაირღვეს.

თავის მხრივ, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ევროკავშირს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა.

„ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ მიიღებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელექტრომობილებზე სპეციალური გადასახადების დაწესების შესახებ. ჩინეთი ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს ჩინური კომპანიების ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - აცხადებენ სამინისტროში.

დეპარტამენტმა დასძინა, რომ პეკინს სავაჭრო უთანხმოების მოგვარება დიალოგის გზით სურს. ამ თემაზე ის ევროკავშირთან ის კონსულტაციების ახალ რაუნდსაც ჩაატარებს და იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საკითხს კონსტრუქციულად მიუდგება.

შეგახსენებთ, რომ ჩინურ ელექტრომობილებზე გამოძიება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2023 წლის 13 სექტემბერს ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ გამოსვლისას ახსენა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთიდან ევროკავშირში იაფი ელექტრო მანქანების ექსპორტის ბოლო და სწრაფი ზრდის შესახებ მზარდ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.

ეკა დარჩიაშვილი