„დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი უნდა გავხადოთ“ - რა დაავალა თბილისის მერმა მოადგილეებს

დედაქალაქის მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ზღვა წყლის რეზერვუარის გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელ ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება, შესაბამისად, ბანაობისთვის დასაშვებ ზონებში, თბილისის ზღვის, თემქის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე, საჭიროა სივრცის მოწესრიგება და სათანადოდ მოწყობა.

მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე ამ სანაპიროზე, სადაც ყველა საჭირო სერვისი იქნება - გასახდელები, საკვები ობიექტი, იმ კონცეფციის გათვალისწინებით, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში მოწყობილი მსგავსი ტერიტორიები. ეს ადგილი დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გავხადოთ. ყველაფერი გავაკეთოთ ცივილური პარკირება და ა.შ. დავიწყოთ უკვე პროექტზე მუშაობა და მისი უშუალოდ განხორციელება, რადგან იმ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს და არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება,“- განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი