„ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოში სსრკ-ის შემდეგ აშენდა“ - „ხობი 2 ჰესი“ გაიხსნა

„ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ამბობს, რომ „ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოში სსრკ-ის შემდეგ აშენდა“.

მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 202 მილიონი კვტ.სთ. პროექტი შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ენერგიამ“ განახორციელა.

„ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში აშენდა. დადგმული სიმძლავრე არის 44.5 მგვტ და ელექტროენერგიის გამომუშავება არის 202 მილიონი კვტ.სთ.

ამ პროექტზე ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 63 მლნ დოლარს, 300 ადამიანი იყო დასაქმებული მშენებლობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. 2015 წლიდან დაიწყო მშენებლობა და ჰესი დღეს შევიდა ექსპლუატაციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერი ტაბატაძე