„ჩვენი ამბიციური გეგმა რეალისტურია - შეგვიძლია, ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 10 000 მგვტ-მდე გვქონდეს“

საქართველოს ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ხობი 2 ჰესის“ გახსნით ღონისძიებაზე განაცხადა.

დავითაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ 2023 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით თვითკმარი უნდა გახდეს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ელექტროენერგიის დამუშავებამ 10 ათასი მგვტ-მდე მიაღწიოს.

„საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები, ეს არის, პირველ რიგში, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით. ქვეყანას გააჩნია 26 ათასზე მეტი მთის მდინარე და ეს რესურსები, სამწუხაროდ, არ არის ათვისებული, თუმცა მომავალ წლებში აქტიურად მოვახერხებთ ამ რესურსების ათვისებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, რა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს სამინისტრო.

ის ამბიციური გეგმა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ შეგვიძლია არამარტო გავაორმაგოთ დადგმული სიმძლავრე, არამედ 10 000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს, რაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მერი ტაბატაძე