„მთავრობის საშინაო ვალი 773 მლნ ლარით, ხოლო საგარეო - 286 მლნ ლარით გაიზარდა“ - აუდიტი

„2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 1 მლრდ ლარით (3.2%-ით) აღემატება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშა საუბარი.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ვალის არსებული ნაშთი სახელმწიფო ბიუჯეტის მოქმედი კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (33.7 მლრდ ლარი) 99.6%-ს შეადგენს.

„მთავრობის ვალის მოცულობა 8 თვის მდგომარეობით 32.5 მლრდ ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარითაა (3.4%-ით) გაზრდილი. მათ შორის, მთავრობის საშინაო ვალი 773 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი 286 მლნ ლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალი ახალი კრედიტების აღების შედეგად 251 მლნ ლარით, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად 35 მლნ ლარით გაიზარდა.

საყურადღებოა, რომ მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით, საგარეო ვალის პორტფელში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტების მოცულობა მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდეს. თუმცა 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ნიშნული დარღვეულია და ზემოხსენებული კრედიტების წილი მთლიანი პორტფელის 48.4%-ია.

2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდა ჯამურად 871.9 მლნ ლარის ათვისება, რაც წლიური გეგმის 62.8%-ია. ათვისების აღნიშნული მაჩვენებელი 6.8 პ.პ.-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური