„წელს ექსპორტზე 50-დან 100 ტონამდე ზეთისხილს გავიტანთ“ – რა ეღირება წელს პროდუქტი

ქართული ზეთისხილის მწარმოებელი კომპანია Georgian Olive მიმდინარე წელს 500 ტონა მოსავლის აღებას გეგმავს, ამ გზით კი 2024 წლის მოცულობა გასული წლის მოსავალს გადააჭარბებს - ამის შესახებ EastFruit-ი წერს. კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი სვანიძის თქმით, წელს პროდუქცია კილოგრამზე დაახლოებით 1.5-2 ლარით გაძვირდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ერთი კილოგრამი ზეთისხილის ღირებულება საშუალოდ, 3 ლარს შეადგენდა.

„ზეთისხილის ბაღების მოცულობა იზრდება. ჩნდება ახალი პლანტაციები, ბევრი ფერმერი ახლა ითვისებს ამ მიმართულებას. მარტო ჩვენმა კომპანიამ ზეთისხილის მილიონი ხე დარგო. ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონამდე ზეთისხილის ხე ხარობს, შესაბამისად, მაღალია მოსავლიანობაც. ამას გარდა, წელს კლიმატმაც ხელი შეუწყო კარგი მოსავლის მიღებას. ამჟამად ჩვენი პლანტაციებიდან 500 ტონას ველოდებით“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

ამასთან, მოსავლიანობასთან ერთად მატულობს გადამუშავების მოცულობაც. ქვეყანაში უკვე დიდი ხანია იწარმოება ზეითუნის ზეთი და დამარინადებული ზეთისხილი. ამას გარდა, ქართული ზეთისხილი წარმატებულია როგორც შიდა ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

ამჟამად, Georgian Olive კიდევ ფართოვდება. კახეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედოფლისწყაროში ზეთისხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა შენდება, რომელიც 9 თვეში დასრულდება. მისი ამუშავების შემდეგ კი, ზეთისხილის წარმოება 10-ჯერ გაიზრდება. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარია.

„ჩვენი ახალი ქარხანა უახლესი იტალიური დანადგარებით იქნება აღჭურვილი და ის დღეში 100 ტონა ზეთისხილის გადამუშავებას შეძლებს. მშენებლობა 2025 წლის აგვისტოში დასრულდება, პირველ მოსავალს კი სექტემბრიდან მიიღებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წელს ექსპორტზე 50-დან 100 ტონამდე ზეთისხილს გავიტანთ“, - განაცხადა სვანიძემ.

მისი თქმით, მომავალში ქარხნების გახსნას კომპანია ყვარელსა და თელავშიც გეგმავს.

ეკა დარჩიაშვილი