26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. გასული წლების კრიზისებისას დასავლური ქვეყნების ელჩები იყვნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავალ-მომრიგებლები. დღეს ასეთი „არბიტრი“ არ ჩანს. შესაბამისად, რთულია პროგნოზების გაკეთება, თუ როდის დასრულდება ეს მძიმე მდგომარეობა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყნისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთმა არ ცნო არჩევნების ლეგიტიმურობა და გარკვეული სახის სანქციებიც დააწესა.
პირველ რიგში, ეს აისახება ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტზე - ეკონომიკაზე. სავარაუდოდ, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საერთოდ შეწყდება ან მინიმუმამდე დავა. შეფერხდება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. თუ პოლიტიკური კრიზისი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, დაიწყება ეკონომიკური სტაგნაცია, გაიზრდება უმუშევრობა, პრობლემები შეექმნება ბიზნესს...
აღარაფერს ვიტყვით ლარის კურსზე, რომელიც, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი გახდება და ეროვნულ ბანკს გაუჭირდება მისი დასტაბილურება. ეს ყველაფერი საერთო ჯამში დაარტყამს მოსახლეობის ჯიბეს და აისახება ჩვენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე.
თუმცა არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე - საქართველოდან ემიგრაციის კიდევ უფრო გაზრდა. გასულ წლებში ქვეყნიდან გაჭირვებას გაურბოდნენ, დღეს კი უცხოეთის გზას შესაძლოა, დაადგნენ ის ხალხიც, რომლებმაც საქართველოში წარმატებას მიაღწიეს, ქმნიან დოვლათს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობენ.
განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ საზღვარგარეთ გადასახლებაზე ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ოქროს ფონდს შეადგენენ - განათლების, ინტელექტუალური თუ დემოგრაფიის კუთხით.
ამას „ტვინების გაჟონვა“ ჰქვია და ეს იქნება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება. ინტელექტისაგან და მთავარი მამოძრავებელი ძალისგან დაცლილი საქართველო, ფაქტობრივად, განწირული იქნება, რომ იყოს მაჩანჩალა და არშემდგარი სახელმწიფო.
როდესაც მშობელი ავად არის ან რაიმე უჭირს, არავინ გარბის - პირიქით, ბოლომდე ცდილობენ მის ფეხზე დაყენებას. ასე უნდა იყოს სამშობლოს შემთხვევაშიც, რომელიც მშობელივით ერთია.
საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდები თავის განათლებას და ენერგიას მოახმარენ უცხო ქვეყანას. რა თქმა უნდა, ისინი დაოჯახდებიან, ეყოლებათ შვილები, შვილიშვილები, რომლებსაც სამშობლოზე ისეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა ექნებათ, როგორც ეს ემიგრანტების შთამომავლებზე გადაღებულ გულისამაჩუყებელ ფილმებშია ხოლმე.
ფაქტობრივად, მთელი თაობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ.
გაქცევა იოლია - რთულია დარჩენა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ბოლომდე ბრძოლა. გასაგებია, რომ ახალგაზრდების საკმაოდ დიდ ნაწილში არის იმედგაცრუება და ნიჰილიზმი. თუმცა ყველაფერი ისევ მათ ხელშია. საქართველო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ტერიტორია, ქვეყანა არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, ის ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.
ჩვენ ყველას გვინდა ევროკავშირში. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოშიც ისე ვიცხოვროთ, ისე იყოს ადამიანის უფლებები დაცული და ისეთი ეკონომიკა თუ სასამართლო გვქონდეს, როგორც მაგალითად, დანიაში თუ ნორვეგიაშია. ამის მიღწევა თავისთავად არ ხდება - საჭიროა მონდომება, შრომა და ბრძოლა - განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან.
ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ეკისრებათ გადამწყვეტი როლი იმ ისტორიულ მისიაში, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია. ხელების ჩამოშვება და სასოწარკვეთა ისტორიის ჩარხს ისევ უკუღმა დაატრიალებს.