2024 წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ აღმავალ ტრენდს დაუბრუნდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, მოხმარების ზრდა ძირითადად კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით არის განპირობებული. კერძოდ, ჯამში, წელს 9 თვეში დენის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 10.4 ტვტ.სთ შეადგინა.
„მოხმარების ზრდა საცალო (+5.7% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+14.0% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 4.4%-ით შემცირდა.
პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების 14.1%-იანი წლიური ზრდა კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია.
ამასთან, ეს საწარმოები ჯერ არ დაბრუნებიან თავიანთ მაქსიმალურ საწარმოო პოტენციალს. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია“, - აღნიშნულია ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაში.