უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მლნ დოლარი - სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება - მეთიუ მილერი

პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ამით მეთიუ მილერმა უპასუხა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე კითხვას.

მილერის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა გამოძიებისკენ საქართველოს ოფიციალურ პირებს.

„ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.

მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა "გადახედვის პირობებში" გრძელდება.

„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, - აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხეს „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევებზე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.