2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 23.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7.053 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3.618 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3.434 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.

„2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4.125 მლრდ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1.476 მლრდ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.