ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებს

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულია შპს „თბილი სახლი“.

შეგახსენებთ, რომ აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 20 980 777 ლარის ღირებულების ტენდერი 12 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა ჩატარდეს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ამასთან, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულება 20 980 777 ლარია, სწორედ ეს თანხა შესთავაზა გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო კომისიას.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „თბილი სახლი“ 2010 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის მალხაზ კურტანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სესიები 2012-2016 წლებში იმართებოდა. 2016 წლიდან კი შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. სწორედ იმ პერიოდიდან მიმდინარეობს საუბარი, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობოდა. მიმდინარე თვეს კი მთავრობამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

იხილეთ ასევე:

ქუთაისის IT ჰაბში კრეატიული ცენტრის ლიცენზიისა და საკონსულტაციო მომსახურებაზე 1.764 მლნ ევრო დაიხარჯება