აშშ-მ რუსეთის დახმარებისთვის ათზე მეტ ქვეყანაში დამატებით 400-მდე კომპანია დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და მთლიანად ათზე მეტ ქვეყანაში მოქმედ 398 ფირმას სანქციები დაუწესა. ინფორმაცია AP ავრცელებს.

აღნიშნულ კომპანიებს ბრალად ედება კრემლისთვის მატერიალური დახმარების გაწევა ან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.

ასევე, აშშ-მ სანქციები დაუწესა 274 კომპანიას, რომელთაც ბრალად ედებათ რუსეთისთვის „მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდება“. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთში დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ იმ სამხედრო პროდუქტებს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში გამოიყენება.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს დიპლომატიური სანქციებიც დაუწესა. ამასთანავე, სანქცირებულია თავდაცვის სფეროში მომუშავე ჩინეთში დაფუძნებული კომპანიების ჯგუფი, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს ახორციელებდა.

აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დაწესებული სანქციები შეამცირებს რუსეთის უნარს, გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები. ამასთანავე, სანქციები მიზნად ისახავს ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციას.

მერი ტაბატაძე