„რას ვთხოვთ ევროპას? რას ვედავებით? მე პირადად ვერ გავიგე“ - როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, ევროპასთან დაახლოებაში თაობების შრომაა ჩადებული და რაზეც შეეძლო თვალი დაეხუჭა ევროკავშირს, თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე, მან უკვე დახუჭა.
„რა ეტაპზეც ევროპასთან ვიყავით დაახლოებული, ამაში თაობების შრომაა ჩადებული. 34-წლიანი წინაპირობა ჰქონდა ამ ყველაფერს. ახლა კი რას ვთხოვთ ევროპას? რას ვედავებით? მე პირადად ვერ გავიგე. ისინი ამბობენ, რომ არ არის ეს ის არჩევნები, რაც გვჭირდება, ამისი უამრავი ფოტო და ვიდეო მტკიცებულება არსებობს. ყველა საკითხი, რაზეც შეიძლება თვალი დახუჭოს ევროკავშირმა, თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე, მან უკვე დახუჭა. ჩვენ თუ გვინდა ამ დიდ ორგანიზაციაში გავერთიანდეთ, ის მოთხოვნები, რაც ეხება დემოკრატიას, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას, რაც პირდაპირ თანხვედრაშია ეკონომიკის განვითარებასთან, უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაც მძიმე მდგომარეობაშია, რაც საბოლოოდ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.
„მსოფლიო თანამეგობრობის წამყვანმა ქვეყნებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა ეს არჩევნები არ ცნო. ხელისუფლებაც მძიმე მდგომარეობაშია, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. ერთადერთი, რითაც რეგიონში საქართველო მეზობლებისგან გამოირჩეოდა, იყო ის, რომ სწრაფი ტემპით მივდიოდით ევროინტეგრაციისკენ, ვიყავით მედროშე ქვეყანა კავკასიაში და ერთადერთი დამაკავშირებელი შავი ზღვის მეშვეობით და ეს შანსი რომ დავკარგოთ, უკიდურესად გაგვიჭირდება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.