მოვუწოდებთ ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ  არჩევნების შედეგები - „საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო“

„საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო“ (ICC Georgia) მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები,“ - როგორც „საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ICC Georgia ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში.

„დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპებისადმი ქვეყნის ერთგულებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ გადახრას ამ გზიდან რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ.

ICC Georgia სრულად უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც გამოთქვა მსგავსი შეშფოთება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მიიჩნევს მას არალეგიტიმურად და მოწოდებას აკეთებს დემოკრატიული ნორმების დაცვისა და გამჭვირვალობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურად დაინტერესებულ ყველა მხარეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და დაცვა.

როგორც ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მონაწილე, ICC Georgia ხაზს უსვამს ამ ტრაექტორიის შენარჩუნებას ჩვენი ერის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და დაუყოვნებლივ ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წარმართავს ნეიტრალური საერთაშორისო ორგანოები, რათა ხალხის ნება თავისუფლად და ლეგიტიმურად იქნას გამოხატული.

ICC Georgia ასევე მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩვენი ევროპული გზიდან ნებისმიერი გადახვევის მცდელობა,“ - წერია განცხადებაში.