თბილისის რომელ უბნებში გაიზარდა ახალი და ძველი ბინების ფასი

2024 წლის სექტემბერში 730 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 30%-იანი, ხოლო თვიურ ჭრილში 17%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.

რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ განხორციელდა 2 700 ტრანზაქცია, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

კვლევის მიხედვით, იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 17%-ით, ხოლო თვიურად 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური და 1%-იანი თვიური ზრდა.

„2024 წლის სექტემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინები კვლავ უდიდეს წილს (43%) იკავებდნენ ჯამურად გაყიდულ ბინებიდან, რომელიც 1 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვეს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. სექტემბერში, მაღალი საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ 23% შეადგინა,“- აღნიშნულია კვლევაში.

მონაცემების თანახმად, 2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-ს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა - 15%-იანი წილით.

ამასთან, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა.

„2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება 2000 დოლარს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ნინი ქეთელაური