საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, #9 გვირაბში უსაფრთხოების სისტემის დანერგვას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მე-9 გვირაბის უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი/მშენებლობაზე 17.138 მლნ დოლარის კონტრაქტის გაფორმებისთვის სამთავრობო ნებართვას ითხოვს.

როგორც ცნობილია, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” რომელთანაც ხელშეკრულება 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.

„აღნიშნული პროექტის არსებითი ელემენტია რეგიონში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო, 8,3 კმ სიგრძის მქონე, T9 გვირაბი, რომელიც შედგება ორი პარალელური მილისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია 27, ყოველ 300 მეტრში არსებული საავარიო გასასვლელით.აღნიშნულ გვირაბში სამგზავრო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელია უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი/მშენებლობა.

პროექტის მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ოქტომბრის N1545 განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას ეთხოვა მე-9 გვირაბში ჩასატარებელი უსაფრთხოების სისტემის მონტაჟისთვის/მშენებლობისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება არაუგვიანეს 2025 წლის 16 ნოემბრისა“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 17.138 მლნ დოლარით კონტრაქტორმა კომპანიამ - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ 8.3-კილომეტრიან, მე-9 გვირაბში სხვადასხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს, რომელთა შორისაა:

  • სახანძრო-სამაშველო მოდულის შეძენა და მისი სტრატეგიული განთავსება უახლოეს სადგურში.
  • გვირაბის ვენტილაციის სისტემის მონტაჟი.
  • უსაფრთხო არეალის შექმნა გვირაბში, რაც გულისხმობს 27 გასასვლელის ამოშენებას ცეცხლგამძლე მასალით ორივე მხრიდან.
  • სპეციალური კარებების მონტაჟი 54 სტრატეგიულ წერტილში.
  • ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტების მოწყობა გვირაბის პორტალებთან.
  • მრავალფეროვანი განათების სისტემების ინსტალაცია.
  • საევაკუაციო ნიშნების განთავსება.
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება
  • კვამლის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაცია.
  • ავარიული რადიოკავშირის სისტემის მოწყობა.
  • ცენტრალიზებული მართვის სისტემების დანერგვა.

ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოიცავს დამატებით კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია გვირაბის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორის მიერ მომზადებულ უსაფრთხოების სისტემის პროექტის ხარჯთაღრიცხვა დადასტურებულია ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერით შერჩეული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აწარმოებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა. პროექტს საინჟინრო ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF (ILF Consulting Engineers) და DB (Deutsche Bahn) უწევს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას - მის განსახორციელებლად სახელშეკრულებო თანხა დაახლოებით 249 მლნ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის გარდა, პარალელურად, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებიდან სამუშაოებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 400 მლნ ლარი.