რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაზე მწვავე კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ხელი შევუწყოთ წარმოებას. უპირველესი გამოწვევა არის ხელფასების საკითხი. ჩვენთან ცვლებით მუშაობენ და ადამიანს თვეში უწევს 10 ცვლის მუშაობა. ცვლაში ანაზღაურება არის 100-120 ლარი. ზოგ შემთხვევებში კი, მაგალითად როდესაც პურის ჩამწყობები მუშაობენ ინტენსიურად, ანაზღაურება აღწევს 150 ლარს.
ამ პირობებში კვალიფიციური მუშახელის გადინებაა ძალიან დიდი. ძალიან ბევრი მუშა წავიდა ევროპაში სამუშაოდ. ერთ-ერთი ბრიგადა მთელი შემადგენლობით წავიდა ინგლისში“,- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა დისტრიბუციის სირთულეები და წყლის მაღალი გადასახადიც.
„მეორე ძალიან მტკივნეული საკითხია დისტრიბუცია. იცით, როგორ უჭირთ დისტრიბუტორებს ამ გადატვირთულ ქალაქში მოძრაობა. ჩვენთან ღამის მიწოდება საერთოდ აღარ არსებობს. ხომ შეიძლება რომ გარკვეული პროდუქტები, მაგალითად გაზიანი სასმელები, ღამით იყოს მიწოდებული მაღაზიებისთვის
პურს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული წესები. დღეს ეს ასე აღარაა.ტაქსებსაც კი მისცეს ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება და პურის მანქანა თუ მოხვდა ამ ზოლში, ჯარიმდება. პირდაპირ ნადირობაა პურის მანქანებზე. ჯარიმები ათეულობით ათასი ლარია. საიდან უნდა გადავიხადოთ ეს. ამ საკითხზე მივმართეთ მერიას და ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი გადაიხადოს.ასევე, საქართველოში სამრეწველო ობიექტებისთვის წყალი ძალიან ძვირი ღირს, 6.52 ლარია გადასახადი.
პურის ქარხნები ქალაქიდან ვერ გავლენ. წარმოიდგინეთ, ვიღაცას ონკანი მოშვებული რომ დარჩეს, დაღუპული ხარ. 2-3 ათასით დამატებით მოვა გადასახადი.ახლა საუბარია იმაზე, რომ თითქოს გაზიც უნდა გაძვირდეს წარმოებებისთვის. ამას ნამდვილად ვეღარ გავწვდებით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
იხილეთ აგრეთვე: