„მეტრო „ავლაბარის“ რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტეს, „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი“.
ცნობისთვის, 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გახსნიდნენ“. კითხვას, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება „ავლაბარი“ სატრანსპორტო კომპანიაში არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ „ავლაბრის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. პროექტზე სს „კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა“ მუშაობდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.
2020 წლის ივლისში ტენდერი გამოცხადდა, სადაც შპს “ვეგა+”-მა გაიმარჯვა. კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის პროექტი უნდა მოემზადებინა, მაგრამ ვერც მან შეასრულა ვალდებულებები. ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 10 სექტემბერს ამოიწურა.
მოგვიანებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციისთვის 4.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის შედეგად გაუფორმა.
2022 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2023 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, მოგვიანებით ვადა 2024 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.
მიმდინარე წლის მარტში ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, „ბადა ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები 2024 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.