„სანქციების აღსრულების რეგულაციების ცვლილებებმა ქართული ბანკებისთვის გაურკვევლობა გაზარდა“ - Fitchs

საკრედიტო სააგენტო Fitch საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მონაცემებზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენას აფასებს.

აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა ღრმა პოლიტიკური და სოციალური განხეთქილება გამოავლინა. გაზრდილი პოლიტიკური რისკი და მისი პოტენციური ნეგატიური ზემოქმედება მმართველობის ინდიკატორებსა და საგარეო ფინანსებზე ივნისში იყო მთავარი ფაქტორები საქართველოს სუვერენული რეიტინგის „BB“ პერსპექტივის გადახედვისას, დადებითიდან სტაბილურამდე“.

მიმოხილვაში საუბარია ეკონომიკური ზრდის პოტენციალზეც და ნათქვამია, რომ სააგენტო მიმდინარე წელს 7%-იან ზრდას ელის.

„Fitch-ის აზრით, პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება უახლოეს მომავალში, რაც დროთა განმავლობაში გაზრდის ინსტიტუციური სიძლიერისა და დამოუკიდებლობის ეროზიის პოტენციალს. დაძაბულობა გამწვავდა 2024 წლის მაისში საკამათო „გარე გავლენის გამჭვირვალობის აქტის“ მიღების შემდეგ. ოპონენტებმა მიიჩნიეს, რომ ის მიზნად ისახავდა განსხვავებული აზრის ჩახშობას. უკმაყოფილება ასევე გაიზარდა სექტემბერში კანონის მიღების გამო, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ლგბტ თემების დისკრიმინაციას ახდენს.

Fitch-ის აზრით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზომიერი დონე, რომლის დიდი ნაწილი შეღავათიან პირობებშია, ამცირებს მოკლევადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ რისკებს.

თავდაპირველი შეფასებით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა 9,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რასაც მომსახურებისა და სამშენებლო სექტორების ძლიერი მაჩვენებლები დაეხმარა. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7%-ია“.

ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ „გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბაზრის ნდობაზე და შეაფერხოს სახელმწიფო საწარმოების ზედამხედველობისა და მმართველობის რეფორმები საქართველოს ეროვნულ ბანკში, რამაც გამოიწვია 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 280 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის შეჩერება.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა და პოტენციურად შეასუსტოს საქართველოს მცირე, ღია, მაღალდოლარიზებული ეკონომიკის უნარი ეფექტიანად უპასუხოს გარე შოკებს. სანქციების განხორციელების რეგულირების ცვლილებებმა გაურკვევლობა გაზარდა ქართული ბანკებისთვისაც“.

მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს რეგრესზე ევროინტეგრაციის გზაზე.

„როგორც ივნისის რეიტინგების მიმოხილვაში აღინიშნა, ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-სთან გაუარესდა, განსაკუთრებით გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანება, Fitch ელის შეფერხებას ევროკავშირის მოლაპარაკებების განახლებაში - რომელიც ევროკავშირმა ფაქტობრივად შეაჩერა ივლისში - და ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი პროგრესის ნაკლებობას საშუალოვადიან პერსპექტივაში“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ნათია ზარიძე