ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ლურჯი მოცვი 2020 წლიდან მოჰყავთ. პლანტაციების ფართობი 30 ჰექტრამდეა, აქვთ ბიომეურნეობა. რატომ მოჰყავთ სამეგრელოში მაინცდამაინც ლურჯი მოცვი მაშინ, როცა ეს კუთხე განთქმულია ციტრუსით, ჩაით, თხილით? როგორ გაამართლა ამ კულტურამ ახალსოფელში? - ამის შესახებ ფერმერი და კომპანიის დირექტორი გიორგი ჯღარკავა მოგვითხრობს.
- ამ საქმის დაწყება სოფლის მეურნეობის პროექტების წამოწევამ განაპირობა, წამოვიდა დაფინანსება, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამები და ეს რომ გავიგეთ, დავიწყეთ ფიქრი, ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. სოფელი, სადაც ახლა ეს პლანტაციაა, ჩემი დედულეთია. მიწები, რომლებიც იქ შევიძინეთ, ჩვენი ძველისძველი მიწებია, და დავიწყეთ ლურჯი მოცვის გაშენება, რომელიც შხამქიმიკატებისა და ზედმეტი დანამატების გარეშე მოგვყავს. თავიდან 4 ჰექტარი გავაშენეთ, მერე თანდათან მივუმატეთ და ასე გავზარდეთ პლანტაცია.
ახალსოფლის მიწას მჟავიანობა აქვს, რაც ამ კულტურისთვის ზედგამოჭრილია. ანალიზის შედეგადაც შეესაბამებოდა ნიადაგის მონაცემები იმ მოთხოვნებს, რაც მოცვის მოყვანას სჭირდება. ამ კენკრამ ძალიან კარგად იხარა.
- როდისაა მისი დარგვა აუცილებელი და მისი მოვლის პროცესიც რას მოითხოვს?
- გვყავს აგრონომი-კონსულტანტები, უკრაინელი ანა ლუცკო და დავით ყურუა, მათი რეკომენდაციებით ვმუშაობთ. ისინი მოცვის ზრდა-განვითარებაში ძალიან გვეხმარებიან. დაყენებული გვაქვს ავტომატიზებული სარწყავი სისტემა. მოცვს საკვებად ბიოპროდუქტებს ვაწვდით, იმ ბიოსასუქებს, რომლებიც ევროსტანდარტებით არის დაშვებული.
ეს კულტურა მაის-ივნისში ირგვება. ისე, თუ სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია, ნებისმიერ დროს შეიძლება დაირგოს. გვქონდა ასეთი შემთხვევაც - შუა ზაფხულშიც დაგვირგავს, პაპანაქება მზეში ვმუშაობდით, მაგრამ ამის გამო კულტურას პრობლემა არ შეჰქმნია. ჩვენ კარგი სარწყავი სისტემა გვაქვს, მორწყვა მცენარეს ყოველდღიურად სჭირდება.
- 30 ჰექტარი მთლიანად ავტომატიზებულად ირწყვება?
- წყალი მდინარიდან ამოგვაქვს სპეციალური წყალსაქაჩით. ადგილზეა დიდი აუზი, 3 000 კუბურ მეტრზე, და სარწყავ სისტემას იქიდან მიეწოდება წყალი. წყალთან ერთად მოცვს ყოველდღიურად ვაწვდით საკვებსა და მინერალებს, მიწის მჟავიანობა იზომება და თუ დაბლაა დაწეული, ნიადაგი ხელოვნურად მჟავიანდება. შესაბამისად, იმ გარემოს ვუქმნით, რაც მცენარისთვისაა საჭირო.
- ყვავილობას როდის იწყებს?
- მარტიდან იწყებს და მოსავალს მაისის ბოლოდან ვიღებთ. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანას არა აქვს მოცვის მოსავალი, ეს "ერთთვიანი ფანჯარაა", როდესაც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდება.
კრეფა ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ჯერჯერობით მაინც სატესტო მოსავალი გვაქვს - დაახლოებით 30 ტონამდე ვიღებთ. ნაკვეთი სრულად რომ დაიტვირთება, 300 ტონას ვვარაუდობთ.
- სად ყიდით?
- ევროპაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ევროპაში ჯერ არ გაგვიშვია, ამისთვის სათანადო რაოდენობაა საჭირო. ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაგვაქვს, კერძოდ, თბილისში. კონტრაქტები გვაქვს და ჩვენი პროდუქცია პირდაპირ ბაღიდან მიეწოდება.
- მოცვს, როგორც ყველა კენკრას, სათუთად მოკრეფა სჭირდება, რომ არ დაზიანდეს... ხელით კრეფთ?
- კი, თუმცა არსებობს სხვა გზებიც, მაგალითად, ტექნიკით, მაგრამ უმეტესად მაშინ გამოიყენება, როცა მოსავალი გადასამუშავებლად არის გამიზნული - მურაბებისთვის, კომპოტებისთვის.
- სამაცივრე სისტემა თუ გაქვთ?
- სამაცივრე კომპლექსს ახლა ვაშენებთ, რომელიც 200 ტონაზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის ჩადგება მწყობრში. ამავე კომპლექსში დავაფასოებთ პროდუქტს და შევინახავთ კიდეც. ამჟამად მხოლოდ იკრიფება, მაშინვე ნედლად იტვირთება და დანიშნულების ადგილზე იგზავნება.
- სამუშაო ადგილებიც შექმენით...
- 15 კაცია დასაქმებული, მაგრამ კრეფის პერიოდში წლეულს 100 ქალი დავასაქმეთ. სრული მოსავლიანობის შემთხვევაში 600-700 კაცი ყოველდღიურად იმუშავებს ჩვენს პლანტაციაში.