„ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში“ - როგორია საშუალო ფასი

2024 წლის სექტემბერში, თბილისში 3 430 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14%-ით, ხოლო თვიურად 9%-იან ზრდაზე მიანიშნებს. ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი საანგარიშო პერიოდში 1 244 დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 6%-იან ზრდას აჩვენებს.

„2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა, 15%-იანი წილით.

ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. დიდ დიღომში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის შემთხვევაშიც ლიდერი რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც საბურთალო მოსდევს.

2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება $2000-ს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

მერი ტაბატაძე