რატომ ვერ გახდა ელექტრო მანქანები საქართველოში ისეთი მოთხოვნადი, როგორსაც ვარაუდობდნენ - ასოციაცია

საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მანქანების მთლიან იმპორტში მხოლოდ 2.2%-იანი წილი უკავია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში 144 867 ავტომობილი შემოვიდა, საინაც მხოლოდ 3 265 ერთეული იყო ელექტრო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს 9 თვეში, გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ელექტრო მანქანების იმპორტი 133%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე bpn.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ელექტრო ძრავიანი ავტომობილები საქართველოში არც ისე პოპულარულია. მისი თქმით, ერთს მხრივ, ეს არის ფასი და მეორეს მხრივ არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.

„ზოგადად, ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა არის, მაგრამ არა ისეთი, როგორი გათვლაც ექსპერტულ წრეებში იყო. ერთის მხრივ, ამის მიზეზია ფასი, ავტომობილებს, რომლებსაც აქვს იმის რესურსი, რომ შორ მანძილზე ერთი დამუხტვით გადაადგილდებოდნენ, საკმაოდ ძვირია და ჩვენი ბაზარი არამსყიდველობითუნარიანია. მეორეს მხრივ, თვითონ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი. მაგალითად, საშუალო ფასის სეგმენტში შეძენილი ელექტრომობილის პირობებში, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ადამიანს მოუწვეს სადღაც გორთან გაჩერება და ლოდინი, სანამ ელემენტი დაიტენება. ამიტომ, არც ინფრასტრუქტურა არ არის და ეს ავტომობილები არც ტექნიკურად არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსახერხებელი იყოს.

ის კატეგორია კი, რომელსაც უფრო მეტი რესურსი აქვს, დიდი მანძილის გავლა შეუძლია, საკმაოდ ძვირია და მხოლოდ მაღალი სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

მე ვფიქრობ, ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა გაიზრდება მაშინ, როდესაც ფასიც ხელმისაწვდომი გახდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ვითარებაა აშშ-შიც. კერძოდ, ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება, თუმცა, მოთხოვნა შენელდა. 2023 წლის ივლისის Pew Research Center-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ნახევარი ნაკლებად ვარაუდობს, რომ მომავალში ელექტრო მანქანებით ისარგებლოს, ხოლო 13% დარწმუნებულია, რომ არ სურს ის.

ამასთან, როგორც Bloomberg-ის, გასული წლის, გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელ მძღოლებს სურთ, რომ მათმა ელექტრომობილმა მინიმუმ 300 მილი (482 კმ) ერთი დამუხტვით გაიაროს. მართალია, მას შემდეგ, რაც პირველი მანქანები გამოვიდა ელექტრომობილების დიაპაზონი გაორმაგდა, თუმცა უმეტესობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ამ ნიშნულს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკელი მძღოლების მთავარი უკმაყოფილებაც.

იხილეთ ასევე: მძღოლები, რომლებიც ელექტრო მანქანებზე გადადიან, მნიშვნელოვან იმედგაცრუებას განიცდიან - კვლევა

ნინი ქეთელაური