„ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ როდესაც ხდება მათი ინფორმაციის უკანონოდ გაცემა, უნდა შესაბამის სამსახურს მიმართონ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად შემცირებულია ე.წ. შავ სიაში მყოფ ადამიანთა რაოდენობა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კლებულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ე.წ. შავ სიაშია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც 2018 წლიდან აამუშავა ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე კომერციული ბანკების მიმართ. დაწესდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რამაც ეტაპობრივად სესხის გაცემა გაართულა იმ პირებზე, ვისაც არ ჰქონდა დადასტურებული შემოსავალი. ზოგადად, დასაქმებული მოსახლეობის მეათედი არის ვალის ტვირთის ქვეშ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე სურათია,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
მან ვალის ამოღების მექანიზმებსა და კლიენტის უფლებებზეც ისაუბრა, რომლის შესახებაც, მისი თქმით, ბევრმა მსესხებელმა არ იცის.
„რაც შეეხება ვალის ამოღების მექანიზმს, პირველ რიგში ბანკი იწყებს ამაზე მუშაობას და შემდეგ უკვე ეს ვალდებულებები გადაეცემა პრობლემური აქტივების ბიუროს. დაახლოებით 3-6 თვემდე ვადაში ბანკი ყიდის ამ პორტფელს ე.წ. სესხის ამომღებ ორგანიზაციებზე.
ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ როდესაც ხდება მათი ინფორმაციის უკანონოდ გაცემა, უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურს. როდესაც სასესხო ხელშეკრულებას ვაფორმებთ, ჩვენ ხელს ვაწერთ იმას, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის „კრედიტინფო საქართველო“, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ყველა ფინანსური ინსტიტუტისგან ლეგალურად და ჩვენი თანხმობით და ხელმოწერით სწორედ ეს ბერკეტი უჭირავთ სესხის ამომღებ სუბიექტებს, მაგრამ რაც შეეხება ეთიკის კოდექსს, იქ არის განსაზღვრული, რა წესების დაცვაა საჭირო.
ვიცით, რომ სამომხმარებლო სესხზე, რომელიც ხელშეკრულების დადებისას არაფრით არ არის უზრუნველყოფილი, გადაუხდელობის შემთხვევაში ჩვენი უძრავი და მოძრავი ქონებით ვაგებთ პასუხს. მაგრამ თუ ასეთი ქონება არ გვაქვს, ეს დავა კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება. სასამართლოს წესით ჩვენი შემოსავლიდან ნელ-ნელა მოხდება ამ თანხის ამოღება. თუ დიდ თანხებზე არ არის საუბარი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, კომპანიასაც აღარ უღირდეს დავა, იმიტომ, რომ ისიც გარკვეულ რესურსს ხარჯავს ამ თანხის ამოღებაში,“ - აღნიშნა კეპულაძემ.