ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (14.4 პროცენტი) ,ისე ტანსაცმლის (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი),შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3 პროცენტი), თევზეული (-2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3პროცენტი);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (1.8 პროცენტი);

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 პროცენტი), საშუალო განათლებაზე (5.8 პროცენტი) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა.