რამდენს შეადგენდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარება, რომელიც საქართველოს შეუჩერდა

„შვედეთი მზადაა განაახლოს და გააფართოოს საქართველოს მხარდაჭერა, როგორც კი ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შვედეთის საელჩოში განუცხადეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს.

„როგორც უკვე იცით, შვედეთის მთავრობამ „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (Sida) დაავალა, შეაჩეროს შვედეთ-საქართველოს პირდაპირი უწყებათაშორისი განვითარების თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Sida-მ უკვე მიიღო მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობა და ახლა რეგულარულ პროცედურებს ატარებს მთავრობის ოფიციალური ინსტრუქციების შესასრულებლად.

შვედეთი მზადაა განაახლოს და გააფართოოს საქართველოსადმი მხარდაჭერა, როგორც კი ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ შვედეთის საელჩოში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენს შეადგენდა ის ფინანსური დახმარება, რასაც საქართველოსთვის „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (SIDA) ბოლო წლებში გამოყოფდა. მაგალითისთვის, ბოლო სამ წელიწადში სააგენტომ საქართველოს ჯამურად დაახლოებით 483.3 მილიონი კრონი (დღევანდელი კურსით დაახლოებით, 45.3 მლნ დოლარი) გამოუყო. 2022-2024 წლებში დაფინანსება ჩაშლილად ასე გამოიყურება:

  • 2022 წელი - 161.75 მილიონი კრონი;
  • 2023 წელი - 213.9 მილიონი კრონი;
  • 2024 წელი - 107.65 მილიონი კრონი.

მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით SIDA-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები, ფაქტობრივად, განახევრდა.

სექტორების მიხედვით, ბოლო სამ წელში თანხის 42.5% განკუთვნილი იყო მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და 205.29 მილიონ კრონს შეადგენდა. დაფინანსების 21% (101.81 მილიონი კრონი) მიმართული იყო გარემოს დაცვის კუთხით. ამასთანავე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი იყო 59.26 მილიონი კრონი (თანხის 12.3%).

გარდა ამისა, 2022-2024 წლებში თანხები იხარჯებოდა შემდეგ სექტორებშიც:

  • სოფლის მეურნეობა - 34.01 მილიონი კრონი (7%);
  • ჯანდაცვა - 22.07 მილიონი კრონი (4.57%);
  • ბიზნესი და მომსახურება - 12.38 მილიონი კრონი (2.56%);
  • მრეწველობა - 11.82 მილიონი კრონი (2.45%);
  • წყალმომარაგება და კანალიზაცია - 7.26 მილიონი კრონი (1.50%);
  • განათლება - 1.6 მილიონი კრონი (0.33%).

თანხის დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა სექტორებზე იყო გადანაწილებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს დაფინანსება თითქმის განახევრდა, აქედან გამომდინარე, დავინტერესდით, კონკრეტულად რომელ სექტორშია თანხები შემცირებული. მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურად ყველაზე მეტად გარემოს დაცვის კუთხით გამოყოფილი თანხები შემცირდა, მაგალითად, შარშან ამ მიმართულებით 64.2 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი, წელს კი მხოლოდ 268 ათასი.

4 სექტორი, სადაც SADA-ს დაფინანსება ყველაზე მაღალი იყო და მისი ცვლილება ბოლო ერთ წელში შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამაზე:

11-1730710412.jpg

მერი ტაბატაძე