წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 310 ტონამდე ოქრო იყიდეს - როგორია მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები დაახლოებით 310 ტონით გაზარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ სექტემბერში ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები 40 ტონით გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო (22 ტონა) პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა იყიდა. ოქროს რეზერვები ასევე გაზარდეს: უნგრეთმა (16 ტონა), ჩეხეთმა (2 ტონა), თურქეთმა (4 ტონა) და ინდოეთმა (6 ტონა).

გარდა ამისა, სექტემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა გაყიდა და რაოდენობამ 4 ტონა შეადგინა, მას კი მოსდევდა იორდანია (-3 ტონა) და სინგაპური (-1 ტონა).

2024 წელს თვეების მიხედვით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ შესყიდული ოქროს მოცულობა ასე გამოყურება:

  • იანვარი - 45 ტონა;
  • თებერვალი - 19 ტონა;
  • მარტი - 16 ტონა;
  • აპრილი - 32.7 ტონა;
  • მაისი - 56.7 ტონა;
  • ივნისი - 55.4 ტონა;
  • ივლისი -37.1 ტონა;
  • აგვისტო - 8 ტონა;
  • სექტემბერი - 40 ტონა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს რეზერვებს შემდეგი 5 ქვეყნის ცენტრალური ბანკები ფლობენ: აშშ (8 133 ტონა), გერმანია (3 351 ტონა), იტალია (2 451 ტონა), საფრანგეთი (2 437 ტონა) და რუსეთი (2 336 ტონა).

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სებ-მა 332.152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა.

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს ეროვნული ბანკი 603.5 მლნ დოლარის ოქროს რეზერვებს ფლობს.

მერი ტაბატაძე