როგორია საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ზომა - სტუმართ-მასპინძლობის 48.5% ჩრდილოვანია

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით 2016 წელს, რა დროსაც მშპ-ში არაფორმალური ეკონომიკის წილი იგივე, 12.7% იყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 80.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ არაფორმალური ეკონომიკაზე აქედან დაახლოებით 10.18 მილიარდი ლარი მოდიოდა. აქ იგულისხმება ყველა ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში არაფორმალური ეკონომიკის წილმა მშპ-ში 11.1%, ხოლო მეორე კვარტალში 13.8% შეადგინა.

საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში და 48.5%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მაღალია შემდეგ სექტორებში:

  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 19%;
  • ხელოვნება, გართობა, დასვენება - 18.3%;
  • განათლება - 17.9%
  • ტრანსპორტი და დასაწყოება - 16.2%
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 16%;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 15.9%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 15.4%
  • მშენებლობა - 13.2%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 12.9%

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ წილი ყველაზე დაბალია პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში - 0.5%, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების საქმიანობებში - 1.1%, დაუკვირვებადი ეკონომიკის 2.6%-იანი წილით მესამე ადგილზეა ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

ცნობისთვის, არაფორმალური ეკონომიკა, ჩრდილოვანი ეკონომიკა ან დაუკვირვებადი მოიცავს ანაზღაურებად საქმიანობებს, რომლებიც არ აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საგადასახადო, შრომითი ან სხვა მიზნებისთვის, თუმცა კანონიერია და არ უკავშირდება დანაშაულებრივ საქმიანობას.

მერი ტაბატაძე