რესტორნები და ექსპორტიორები - რომელ სექტორებს აქვთ კრედიტებზე ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 59.37 მლრდ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ამავე საანგარიშო პერიოდისთვის აღნიშნული სესხებიდან 90 დღეზე მეტად, ანუ 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1.050 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის მხოლოდ 1.7%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო მაჩვენებელი დაბალია, ზოგიერთ სექტორზე ვადაგადაცილებული სესხების წილი მაინც მაღალი რჩება. მაგალითად, სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება ფიქსირდება რესტორნების, ბარების, კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების დასაფინანსებლად გაცემულ კრედიტებში. სულ ამ კატეგორიის სესხების მოცულობაა 824.447 მლნ ლარი, საიდანაც 4.3%, ანუ 35.481 მლნ ლარი ლარი ვადაგადაცილებულია. ამასთან, 3.53%-იანი ვადაგადაცილება ფიქსირდება ექსპორტიორებზე, სამშენებლო კომპანიებზე 3.23%-იანი და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 სექტორს, სადაც გაცემული კრედიტებში ვადაგადაცილების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია: (2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით)

  • რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 4.3% (კრედიტი - 824.447 მლნ ლარი; ვადაგადაცილება - 35.481 მლნ ლარი)
  • ექსპორტიორები - 3.53% (კრედიტი - 696.846 მლნ ლარი; ვადაგადაცილება - 24.635 მლნ ლარი)
  • სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) – 3.23% (კრედიტი - 993.072 მლნ ლარი; ვადაგადაცილება - 32.078 მლნ ლარი)
  • სოფლის მეურნეობის სექტორი - 3.01% (კრედიტი - 3.324 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 99.996 მლნ ლარი)
  • ვაჭრობა (სხვა) – 2.96% (კრედიტი - 2.139 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 63.283 მლნ ლარი)
  • სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა - 2.68% (კრედიტი - 1.975 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 52.933 მლნ ლარი)
  • უძრავი ქონების დეველოპმენტი - 2.56% (კრედიტი - 3.719 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 95.3 მლნ ლარი)
  • ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები - 2.47% (კრედიტი - 486.470 მლნ ლარი; ვადაგადაცილება - 12.046 მლნ ლარი)
  • სასტუმროები და ტურიზმი - 2.43% (კრედიტი - 3.182 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 77.410 მლნ ლარი)
  • უძრავი ქონების მენეჯმენტი - 1.89% (კრედიტი - 3.092 მლრდ ლარი; ვადაგადაცილება - 58.361 მლნ ლარი)

ამასთან, ბანკების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, სესხებზე ყველაზე მცირე მოცულობით ვადაგადაცილება უფიქსირდებათ შემდეგ საქმიანობებს: ტელეკომუნიკაცია - 0.02%; საბითუმო ლომბარდი - 0.14%; ენერგეტიკა - 0.15%; ავტომობილების დილერები - 0.21%; სახელმწიფო სტრუქტურებს - 0.27%; საფინანსო ინსტიტუტები - 0.23% და ა.შ.

გარდა ამისა, სამომხმარებლო საქონლის წარმოების სექტორს 1.88%-იანი ვადაგადაცილება უფიქსირდება; სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოების და ვაჭრობის სექტორს - 1.77%; სერვისს და ჯანდაცვას - 1.69%-იანი; წარმოებას (სხვა) – 1.67%; ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოებას და ვაჭრობას - 1.45%; მძიმე მრეწველობას - 1.45%; ფარმაცევტიკას - 0.7%; ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოების და ვაჭრობის - 0.69%.