„ილიაობა“ 101 ათას ლარზე მეტი დაჯდება - რამდენს გადაუხდიან „ურსას“

ყვარელში 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია-ვიზით კახეთმა“ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას უწყება განმარტავს იმით, რომ „დაგეგმილი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ დადებითად იმოქმედებს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების განწყობაზე.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ილიაობის“ ორგანიზება 80 519 ლარი დაჯდება. ადგილზე უნდა მოეწყოს სცენა, გადახურვა, გახმოვანების აპარატურა და განათება. ამასთანავე, დაგეგმილია ფეიერვერკების გაშვება, რაზეც გამოყოფილი თანხიდან 4 800 ლარი დაიხარჯება, ღონისძიების წამყვანს კი 2500 ლარს გადაუხდიან.

გარდა ამისა, „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია-ვიზით კახეთმა“ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, საიდანაც ირკვევა, რომ „ილიაობისა“ და პროექტის „ქართული ცის ქვეშ“ ფარგლებში შოუს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ურსა“, რომლის მომსახურებაც 21 000 ლარი დაჯდება.

აღნიშნული შესყიდვების მიხედვით, გამოდის, რომ „ილიაობა“ ჯამში 101 519 ლარი დაჯდება.

მერი ტაბატაძე