„საბანკო სექტორში რომ პრობლემები დაიწყოს, ეს ცუდად აისახება  ეკონომიკაზე -  1 დღეში შეიძლება მოხდეს კატასტროფა“

„საბანკო სექტორში რომ პრობლემები დაიწყოს, ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, თუმცა ის ყველა წინაზე მძიმეა.

„პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და ეს არ არის ჩვენი პირველი პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ეს ყველა წინაზე მძიმეა. ეკონომიკური თვალსაზრისით ბიზნესისთვის ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, მაგრამ ბიზნესი ჯერ ძალიან ფრთხილადაა, არავინ არაფერს ამბობს. ალბათ, ელოდებიან სიტუაციის რომელიმე მხარეს „გადატეხვას“.

არჩევნები ჯერჯერობით არ არის ლეგიტიმურად აღიარებული და ასეთი მძიმე შეფასებები ქართულ არჩევნებს ჯერ არ ჰქონია. ირანის პრეზიდენტი გვილოცავს და ჩვენც გვიხარია. ვინ რისი მომხრეა, აღარ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ რაღაც არ არის სწორი. ერთ კვირაზე მეტია გასული და არჩევნების ლეგიტიმურობა ვერცერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ან ქვეყანამ ვერ ცნო“, - განაცხადა ეკონომისტმა.

მისი თქმით, ნებისმიერი გზით გამოწვეული გაურკვევლობა პრობლემაა პირველ რიგში ბიზნესისთვის არის.

„ნებისმიერი გზით გამოწვეული გაურკვევლობა პრობლემაა პირველ რიგში ბიზნესისთვის, რომლისთვისაც დალაგებული მდგომარეობაც კი გარკვეულ რისკებთან არის ხოლმე დაკავშირებული. მითუმეტეს ასეთ გარემოში, რომელიც არასოდეს არის მშვიდი. დასავლელი ინვესტორები ჯერჯერობით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საბანკო სექტორზე და აქ რომ რაღაც პრობლემები დაიწყოს, ძალიან ცუდად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ამ ყველაფერს უყურებენ ინვესტორები, ერთ დღეში შეიძლება მოხდეს კატასტროფა“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი