არსებული სიტუაცია თუ არ შეიცვალა, კვალიფიციური გიდების ნაწილმა შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს - გიდი

„გიდების დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების პრობლემა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში, გარდა მცირე სეგმენტისა, არავინ ითხოვს, რომ გიდი იყოს კვალიფიციური.

„ენების მცოდნე ბევრი სპეციალისტი არ გვყავს. ამასთან, ამ სფეროში სულ უფრო მეტი უცხოელი მუშაობს, ბარიერები კი ამ კუთხით არ არსებობს. ეს იწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდას არ უნდა ველოდოთ. საქართველოში, გარდა მცირე სეგმენტისა, არავინ არ ითხოვს, რომ გიდი იყოს კვალიფიციური,“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური ვითარება არ გამოსწორდება, ქვეყანას კვალიფიციური კადრები დატოვებენ. ე.წ. ტვინების გადინების რისკზე განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე.

„გიდების იმ ნაწილიდან, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა (საუბარია საკმაოდ ბევრ გიდზე - გვაქვს ფორუმი, რომელიც სექტორში დასაქმებულ 3000-მდე ადამიანს აერთიანებს), ვიცი, რომ რამდენიმე მსგავს შემთხვევაში ქვეყანას დატოვებს. მათ იციან ენა, აქვთ კარგი კვალიფიკაცია და გააგრძელებენ იმ ქვეყანაში მუშაობას, სადაც შემოსავლის ზრდის საშუალება ექნებათ.

თუ საქართველო ჩამოშორდა ევროპას და დაგვრჩა პოსტ საბჭოთა ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებები, საქართველოში მომსახურების სექტორის საქმიანობა არ გაიზრდება და მაგალითად, რაც ამბიცია მაქვს პირადად მე, რომ შემდეგ წელს შემოსავალი 30-40%-ით გავზარდო, სამწუხაროდ, ვერ მოხდება.

მე არ ვფიქრობ წასვლას, მაგრამ ვიცი რომ კოლეგების ნაწილმა, თუ არსებული სიტუაცია შენარჩუნდება და ამას დაემატება ე.წ. „აგენტების კანონის“ სრულად ამოქმედება, მოქალაქეების შეზღუდვა და რეპრესიები, რა თქმა უნდა, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანა,“ - აღნიშნავს გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

მერი ტაბატაძე