„ავტოსკოლების 90% არის თვითნებურად გაკეთებული“,- ამის შესახებ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის " დირექტორმა ირაკლი იზორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ავტოსკოლაა კვალიფიციური, დანარჩენში კი არავინ იცის, რამდენად პროფესიონალი სპეციალისტები ასწავლიან. ამიტომ, აუცილებელია მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება.
„საქართველოში არის რამდენიმე ავტოსკოლა, რომელიც მართლაც კვალიფიციურად ასწავლის, აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია პრაქტიკული გაკვეთილებისთვის და მომზადებული არიან იმისთვის, რომ ქუჩაში გაიყვანონ ადამიანები და აუხსნან პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
თუმცა, სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ავტოსკოლების 90% არის თვითნებურად გაკეთებული. სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი და ჯერჯერობით არ მომხდარა ამ ავტოსკოლების ლიცენზირება, რომ კვალიფიციური კადრების მიერ ყოფილიყვნენ მომზადებული ის ადამიანები, ვისაც სურთ რომ აიღონ მართვის მოწმობა.
ამიტომ, გამოდის, რომ გავართულეთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და გაგვყავს ადამიანები ქალაქში, მაგრამ დავტოვეთ ძალიან დიდი პრობლემა, რომ არ ვიცით, ვინ ასწავლის მათ. რეალურად, ავტოსკოლის სპეციალისტები აკრედიტაციას უნდა გადიოდნენ, იღებდნენ შესაბამის სერტიფიკატს და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებოდნენ სწავლებაში“, - აღნიშნა ირაკლი იზორიამ.