აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, რომელშიც დონალდ ტრამპი ლიდერობს, ბიტკოინის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
კერძოდ, კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის, Binance-ის მონაცემებით, დილის საათებში ბიტკოინის ფასმა 9,31%-ით მოიმატა და 74,352 დოლარს მიაღწია.
ბოლოს ბიტკოინის ფასმა ყველა დროის რეკორდი მიმდინარე წლის 14 მარტს დაამყარა, როცა ის 73,777 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ბიტკოინის კურსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდებოდა, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ „რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავის საარჩევნო რიტორიკაში კრიპტობიზნესს მხარს უჭერდა. მეტიც, მაისში ტრამპის გუნდმა კამპანიის შემოწირულობების მიღება ოფიციალურად კრიპტოვალუტაში დაიწყო.
ბიტკოინი, ასევე, ტრამპის პიარკამპანიის ნაწილი გახდა. კერძოდ, სექტემბერში „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერ ტელეარხმა, FOX Business-მა გადაიღო სიუჟეტი, რომელშიც ტრამპი მომხრეებს ბურგერებით უმასპინძლდება, ხოლო საფასურს კრიპტოვალუტით იხდის.
ამასთან, 31 ოქტომბერს ტრამპმა ბიტკოინის მომხმარებლებს ტექნოდოკუმენტის გამოქვეყნების 16 წლის იუბილე მიულოცა, რომელიც კრიპტოვალუტის კონცეფციას აღწერს. ასევე, კრიპტოვალუტების შესახებ ერთ-ერთი უძველესი ონლაინ გამოცემა Bitcoin Magazine-ის მფლობელი და მთავარი რედაქტორი, დევიდ ბეილი ტრამპის კონსულტანტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ