Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობას მიიღებს, ეფექტური მთავრობის შექმნისა და „გიგანტური ბიუროკრატიის“ შემცირების საკითხებზე იმუშავებს.
ამის შესახებ ილონ მასკმა ტრამპის მარ-ა-ლაგოს მამულიდან ტაკერ კარლსონის ონლაინ-შოუში საუბრისას განაცხადა.
მასკის თქმით, ის აშშ-ში ფედერალური სააგენტოების რაოდენობის შემცირებას შეეცდება. მას სურს, დაეხმაროს ტრამპს, რომ მთავრობა უფრო ეფექტური გახდეს.
„ჩვენ გიგანტური ბიუროკრატია და გადაჭარბებული რეგულაციები გვაქვს. ჩვენ ამერიკის მშენებლებს ქვეყნის აშენების საშუალება უნდა მივცეთ,“ - ამბობს მასკი.
თავად ტრამპმა სექტემბერში განაცხადა, რომ სამთავრობო ეფექტურობის კომისიას შექმნიდა, რომლის ხელმძღვანელად მასკს დანიშნავდა. მისი თქმით, მასკი დათანხმდა, ჩაიბაროს ორგანო, რომელიც „მთელი ფედერალური მთავრობის სრულ ფინანსურ და ოპერაციულ აუდიტს“ ჩაატარებს და შეიმუშავებს გეგმას „თაღლითობისა და არასწორი გადახდების“ აღმოსაფხვრელად.
მასკი მიზნად ისახავს, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯი 2 ტრლნ დოლარით შეამციროს.
Interconnected Capital-ის დამფუძნებელ კევინ სიუიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ მასკი ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-სა და ჩინეთს შორის მთავარი შუამავალი გახდება. ასევე, American Enterprise Institute-ის უფროსი თანამშრომლის, დერეკ სიზორსის შეფასებით, მასკი „უკიდურესად პროჩინურად არის განწყობილი“ და პეკინთან მის ურთიერთობაში გარკვეული სქემა შეიქმნა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებს.
ცნობისთვის: ილონ მასკმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს ღიად დაუჭირა მხარი და მის წინასაარჩევნო მიტინგებზეც არაერთხელ გამოსულა. ის ტრამპის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო.
Forbes-ის მიერ მასკის ქონება 264,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ