რა ეკონომიურ ცვლილებებს გეგმავს ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი მეორედ ხდება

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ხდება. ბოლო მონაცემებით, ისტორიულ, მე-60 არჩევნებში, მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს - 226.

მიუხედავად დაძაბული და თითქმის თანაბარი ბრძოლისა, ტრამპი წინასაარჩევნო პროცესშივე ამბობდა, რომ მას საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება და ამის მიზეზად იმ რადიკალურ ეკონომიკურ გეგმას ასახელებდა, რომელიც მის გუნდს აქვს. მისი თქმით, ქვეყანას „ოქროს ხანა“ დაუდგება.

შიდა გადასახადების შემცირება, ფართომასშტაბიანი ტარიფები, ყველა იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ჩინეთიდან პროდუქტებზე 20%-იანი გადასახადის დაწესება, კრიპტობიზნესის მხარდაჭერა, ეს იმ ცვლილებებს ნაწილია, რომელსაც ტრამპი აშშ-ის ჰპირდება.

შედეგად, ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ იმპორტის ტარიფის დაწესებასთან ერთად, გადასახადების შემცირებამ, შესაძლოა, დოლარის მკვეთრი ზრდა, ევროს კი 8-10%-ით დაცემა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თავის მხრივ, მომატებული ინფლაციის მაჩვენებელი, აშშ-ში, ევროპასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის და დოლარის მიმზიდველობას გაზრდის.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს „თიბისი კაპიტალიც“. როგორც ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული, მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება.

ტრამპის შეხედულებებმა ასევე უკვე იქონია გავლენა კრიპტობიზნესზე. „რესპულიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის პირობის პარალელურად, რომ აშშ-ის კრიპტოვალუტის მსოფლიო ლიდერად გადააქცევს, მთლიანი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ბიტკოინის კურსი იზრდებოდა, არჩევნების დღეს კი მაქსიმუმს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების გამოცხადებასთან ერთად, მსოფლიო ბაზრებზე დოლარის კურსიც გამყარდა. როგორც Bloomberg-ი წერს, აშშ-ს ეროვნული ვალუტა ბოლო ერთწლიან მაქსიმუმამდე გამყარდა. ამ დროისთვის ერთი ევროს ღირებულება 1.07 დოლარია. არადა, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ერთი ევრო 1.10 დოლარად ივაჭრებოდა.

ტრამპის შეხედულებებიდან, ასევე დასამახსოვრებელია საიმიგრაციო პოლიტიკა. მეტიც, წინა საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკის კედლის მშენებლობაც კი დაიწყო, თუმცა, მხოლოდ 47 მილის აშენება მოხერხდა. დანარჩენი 652 კმ მექსიკის ფინანსური თანამონაწილეობით უნდა შესრულებულიყო, თუმცა პროცესი არ გაგრძელებულა.

როგორც ჩანს, აღნიშნული მიმართულება ტრამპისთვის კვლავ პრიორიტეტებში რჩება, რადგან მოსახლეობას საზღვრების „გამოსწორებას“ ისევ ჰპირდება.

ნინი ქეთელაური